გიორგი ოვაშვილი ახალ ქართულ ფილმზე მუშაობს

Bildschirmfoto 2015-09-22 um 09.56.41.png

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი რიგით მეოთხე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე მუშაობს. “მთვარე მამაა ჩემი“ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური დრამაა და იმ ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს მოძებნოს ცხოვრებაში საკუთარი ადგილი.

ეს არის კოპროდუქცია, რომელშიც საქართველოსთან ერთად საფრანგეთი (Arizona Productions) და უნგრეთი (Focus Fox) მონაწილეობენ. მოგვიანებით, კოპროდუქციას კომპანია 42Film, გერმანული რეგიონალური ფონდი - MDM და ფრანგულ-გერმანული სატელევიზიო არხი - ZDF/ARTE შეუერთდებიან. სწორედ მათთან ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორული ურთიერთობით შეიქმნა ფილმები - „სიმინდის კუნძული“ და „ხიბულა“.

ახალი ფილმის საერთო ბიუჯეტი 1 მილიონამდე ევროა. გადაღებები მთლიანად საქართველოშია დაგეგმილი. სცენარის ავტორები რულოვ იან მინებო და გიორგი ოვაშვილი არიან, პროდიუსერები - გიორგი ოვაშვილი, გიიომ დე სეი და გაბორ ფერენცი.

“მთვარე მამა ჩემი“ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ჩვენს არსებობაზე. ფილმის გმირი თვითგადარჩენისთვის იბრძვის. 12 წლის თომა, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, პირველად ხვდება მამას. ისინი მიემართებიან მოგზაურობაში, რომელიც თომას და ნემოს, მამა-შვილობის გარდა, სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ასწავლის.