საქართველოში გადაღებას საკმაოდ სოლიდური მატერიალური წახალისება ახლავს თან. სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს კვალიფიციური ხარჯების 20%-ს, „კულტურული ტესტის“ წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, მწარმოებელს დამატებით 5%-მდე თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა. კვალიფიციური ხარჯები საქართველოში, უშუალოდ წარმოების პროცესში დახარჯულ თანხას გულისხმობს, „კულტურული ტესტის“ გასავლელად კი, შექმნილი პროდუქტი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის ელემენტებს უნდა შეიცავდეს.

საქართველოში გამოცდილი კადრების პოვნა მარტივია. ამასთანავე, მათი დაქირავების უპირატესობა ევროპულ ბაზართან შედარებით ბევრად დაბალ ანაზღაურებაშია. საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია ყველანაირი საწარმოო ხარჯიც - კვება, ცხოვრება, ტრანსპორტირება, მასალების შეძენა და ა.შ.

ექსტერიერებსა და სახელმწიფო-საზოგადოებრივი შენობების ინტერიერებში გადაღება უფასოა. სახელმწიფო ორგანოები ყოველთვის მზად არიან გადამღებ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის.

მნიშვნელოვანია გაეცნოთ რამდენიმე დამატებით კომპონენტსაც, რომლებიც საქართველოში მუშაობის პერიოდს უფრო სასიამოვნოს გახდის. ესენია: უსაფრთხო გარემო, სტუმართმოყვარე ხალხი, მსოფლიოს მიერ აღიარებული სამზარეულო და სტატუსი - „ღვინის სამშობლო“.